დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები.
წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის, სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ სტაციონალურ მომსახურებაზე.
თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ჩვენი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შეიქმნას ღირსეული პირობები და ყველა დაწყებული რეფორმა სრულად განხორციელდეს.