უახლოეს მომავალში სამხედრო აკადემიის რეფორმირება და სამხედრო ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება იგეგმება. ამის შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძემ დღეს საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო აპირებს რეზერვისტების სისტემის გაუმჯობესებას, რადგან აგვისტოს ომის დროს ყველაზე "სუსტი რგოლი" სწორედ რეზერვისტები იყვნენ.
ამასთან, ქართული ჯარის ყველა ქვეითი 2-3 კვირიან სამთო მომსზადებას გაივლის.
რაც შეეხება ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის შეღავათებს, თორთლაძის თქმით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც საჭირო აღრიცხვას ჩაატარებს და მის შედეგებზე მოხდება დახმარებების გაცემა.
იდეოლოგიურ ჯგუფზე კი, რომელიც დეპუტატების ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, თორთლაძემ განაცხადა, რომ რეკრუტების მომზადების ცენტრში შეიქმნება ასეთი იდელოგიური ჯგუფები და შემდგომ ისინი სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გადანაწილდებიან.