დღეს, იერუსალიმში მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმი, სახელწოდებით "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" გაიმართება.
23 იანვარს ოსვენციმის საკონცეტრაციო ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიოს 49 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 41 სახელმწიფოს მეთაური ესწრება, "იად ვაშემის" მემორიალთან არის დაგეგმილი.
ფორუმს დაესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი, იტალიისა და ავსტრიის პრეზიდენტები. ასევე ევროკავშირის საკვანძო თანამდებობის პირები.
ჰოკოლოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღეს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რადგან მას უარი უთხრეს სიტყვით გამოსულიყო. ორგანიზატორების თქმით, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირე ქვეყნებსა და გერმანიას მიეცემათ.
როგორც ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი იტყობინება, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ არ სურს მოუსმინოს პუტინს, რომელიც ცდილობს მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისტორია დაამახინჯოს და მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მიეცეს.
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი.
განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. უშუალოდ ოსვენციმის, იგივე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მილიონამდე ადამიანი მოკლეს, მეტწილად ებრაელები.