დღეს, შეერთებულ შტატებში ფედერალური დღესასწაულია, ამერიკელები აღნიშნავენ მარტინ ლუთერ კინგის (უმცროსი) დაბადების დღეს.
სახელგანთქმული უფლებადამცველი 15 იანვარს დაიბადა, თუმცა 1983 წლიდან, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, იანვრის ყოველი მესამე ორშაბათი კინგის პატივსაცემად, ფედერალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა.
მან ყველაზე დიდი ყურადღება პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტი გამოცხადდა.
კინგი მოგვიანებით ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა ლიდერი გახდა.
50-ზე მეტი წლის წინ, მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა.
ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩამოსული ორას ორმოცდაათიათასზე მეტი ადამიანი დემონსტრაციაზე თანასწორი უფლებების დასაცავად და სამუშაო ადგილების მოთხოვნით გამოვიდა. ეს აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა.
1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა "მე მაქვს ოცნება" და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა.
ყველაზე ამაღელვებელი კინგის გამოსვლაში ის ნაწილი იყო, როდესაც ის ამერიკელ ხალხს საკუთარი მისწრაფებების შესახებ ესაუბრებოდა.
მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს.
ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს.
ჩემი ოცნება ამერიკულ ოცნებასთან ძლიერ არის დაკავშირებული. ჩემი ოცნებაა, რომ ხალხის ნებამ თავის საწადელს მიაღწიოს და ამ დევიზის მნიშვნელობა გამართლდეს.
თავისუფლება, თავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლა. უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ.
ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ გამართულ დემონსტრაციებს შორის...
მე მაქვს ოცნება, ღვთის ყველა შვილს, შავებსა და თეთრებს, ებრაელებსა და წარმართებს, პროტესტანტებს და კათოლიკეებს - შეძლიათ ერთმანეთს ჩასჭიდონ ხელები და იმღერონ ზანგების ძველი საეკლესიო საგალობელი: თავისუფლება გვეღირსა! თავისუფლება გვეღირსა!
ეს ღონისძიება ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
1964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კანონს არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ, არამედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით.
მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს.
გთავაზობთ მისი მკვლელობის მოკლე ქრონიკას.
1968
3 აპრილი - კინგი მემფისში ჩავიდა, ტენესის შტატში, რათა მხარი დაეჭირა დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშებისთვის. ის სასტუმრო "ლორენში" დაბინავდა.
4 აპრილი - 18:00 - კინგი ჯერ კიდევ სასტუმროშია, მაგრამ ემზადება ადგილობრივ მღვდელთან სადილზე წასასვლელად. აივნიდან გადაიხედავს, რომ მძღოლს გადასძახოს.
4 აპრილი - 18:01 - კინგს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან და მას წმ. ჯოზეფის საავადმყოფოში წაიყვანენ.
4 აპრილი - 19:05 - საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ის დაიღუპა. მაშინვე იწყება გამოსვლები ამერიკის 100-ზე მეტ ქალაქში. პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
5 აპრილი - გამოძიების ფედერალური ბიურო მკვლელობის გამოძიებას იწყებს, რაც სახელმწიფოს $2 მილიონზე მეტი უჯდება. მასში 3, 500 გამომძიებელი მონაწილეობს.
9 აპრილი - კინგის პანაშვიდი ატლანტაში მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართა. დაკრძალვას 50 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
19 აპრილი - გამომძიებლებს ეჭვი აქვთ ჯეიმს ერლ რეიზე, 40 წლის ადამიანზე, რომლის თითის ანაბეჭდიც დანაშაულის ადგილზე, ერთ-ერთ იარაღზე იპოვეს. ის შეიარაღებული ძარცვის გამო სასჯელს იხდიდა, მაგრამ წინა წელს, მისურის შტატის ციხიდან გაქცევა მოახერხა.
24 აპრილი - ერლ რეიმ იშოვა ჯორჯ სნეიდის სახელზე გაცემული კანადის მოქალაქის პასპორტი, რომლითაც ტორონტოდან ლონდონამდე თვითმფრინავის ბილეთი აიღო.
8 ივნისი - რეი ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს, როცა ის ბრიუსელში გასაფრენი ბილეთის ყიდვას ცდილობდა. მოგვიანებით ერლ რეი ამერიკას გადასცეს.
1969
10 მარტი - რეი აღიარებს, რომ მარტინ ლუთერ კინგი მან მოკლა და მას ტენესის ციხეში 99 წელს მიუსჯიან.
13 მარტი - რეის უკან მიაქვს აღიარება და ამბობს, რომ ის აიძულეს დანაშაული ეღიარებინა. ამის შემდეგ, რეი სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო.
1978
რეის მოუსმინეს წარმომადგენელთა პალატის პოლიტიკური მკვლელობების კომიტეტში, რომელიც მოგვიანებით დაასკვნის, რომ რეი მარტო მოქმედებდა. თუმცა, კონგრესის კომიტეტი ასევე ასკვნის, რომ არსებობს შეთქმულების არაპირდაპირი სამხილი.
1993
მემფისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ყოფილი მფლობელი ლოიდ ჯოიერსი ამბობს, რომ მაფიის წევრებმა მას მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის დაგეგმვისთვის $100 000 გადაუხადეს. ჯოიერსის თქმით, მან ფული კინგის მოსაკლავად გადაუხადა რიგით მუშას, ფრენკ ჰოლტს.
1998
23 აპრილი - ერლ რეი ციხეში თირკმლის და ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
1999
კინგების ოჯახი, რომელიც ფიქრობს, რომ ერლ რეი უდანაშაულო იყო, ლოიდ ჯოიერსს უჩივის.
2000
შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ჯანეტ რენო საქმეს გამოძიებაში აბრუნებს, თუმცა შეთქმულების მტკიცებულებას ვეღარ პოულობს.
მომზადებულია რადიო "ამერიკის ხმის" მასალებზე დაყრდნობით.