საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამინისტრო, (კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან იღებს ერთთვიან უფლებას, იმისათვის რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები უწყვეტად მომარაგდეს ქართული, გაუყინავი, ხორცით.
ამ უფლების მოპოვების შემდეგ კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს, მანამდე კი ჯარის ხორცით უზრუნველყოფა არსებული მარაგით მოხდება.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველ ფერმერებთან, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მოახდინონ მობილიზება.
"საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა.
2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.
2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის.
ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს", - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.