დღეს, 2019 წლის 29 დეკემბერს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს საპატრიარქოში ეწვია რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი.
კარდინალის ვიზიტი ძირითადად საქართველოსა და რომის ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ეძღვნებოდა.
"ურთიერთობა ვატიკანსა და საქართველოს შორის მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. მეოთხე საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, მირიანის მეფობის დროს და მეხუთე საუკუნეში ავტოკეფალური გახდა, ცნობილი კანონისტი მალსაბონი, რომელიც შემდგომ იყო ანტიოქიის პატრიარქი წერს, რომ საქართველოს ეკლესია და კვიპროსის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ნეტარი პეტრეს დროს. მეთერთმეტე საუკუნეში საქართველოს მეთაურს ეწოდა პატრიარქის წოდება.
ბევრი განსაცდელი აქვს გამოვლილი საქართველოს. ჩვენ ვიცავდით ჩვენს ეროვნებას, ჩვენს კულტურებს, ტრადიციებს, ენას და დღემდე ვცხოვრობთ ბრძოლაში. თქვენი ვიზიტი არის გაგრძელება იმ ისტორიული ურთიერთობის, რომელიც იყო ჩვენ შორის. ამ დარბაზში მე მივიღე რომის პაპი ფრანცისკე, ჩამოყალიბდა ნამდვილდ ძმური ურთიერთობა, რომის პაპმა და მე ვილოცეთ. ასე რომ, ჩვენ გღებულობთ, როგორც ახლობელს, საპატრიარქოში ჩამოყალიბდა ნამდვილად ძმური ურთიერთობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძმური ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში. ასე რომ, თქვენი ვიზიტი დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით" ,- განაცხადა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და კარდინალ პიეტრო პაროლინს შორის საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე მდგარ სირთულეებსა და თანამედროვე გამოწვევებს.
პატრიარქის სიტყვას "პირველი არხი" ავრცელებს.