ცოტა ხნის წინ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ტრიუმფალურად გამარჯვებული კონსერვატორების ლიდერი ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს ბუკინგემის სასახლეში შეხვდა და ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა.
ჟურნალისტების ცნობით, შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი თავის ოფიციალურ რეზიდენციაში დაუნინგ-სტრიტზე დაბრუნდა, სადაც პრესკონფერენცია გამართა.
"კონსერვატორებმა მიიღეს სრული მანდატი. მე ჩამოვაყალიბებ მთავრობას და ვიმუშავებთ ბრექსიტის განსახორციელებლად არაუგვიანეს 2020 წლის 31 იანვრისა", - თქვა ბორის ჯონსონმა.
ზოგიერთი ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, ჯონსონის მთავრობაში მთავარი მინისტრები შეინარჩუნებენ თანამდებობებს.
12 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კონსერვატიულმა პარტიამ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და ახლა უკვე ხელისუფლებას ხელს ვერავინ შეუშლის ბრექსიტის განხორციელებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დაფინანსებას გაზრდის და უზრუნველყოფს ბრექსიტს, ყოველგვარი "მაგრამ"-ისა და "თუ"-ს გარეშე.
"ჩვენ ეს შევძელით. ამას მივაღწიეთ. დადგა ახალი დღის განთიადი. არასდროს მივიღებ თქვენს მხარდაჭერას, როგორც სავალდებულოს. ამ მხარდაჭერას ვიღებ როგორც ნდობის კრედიტს", - აღნიშნა ჯონსონმა სიტყვით გამოსვლაში.