"ის გადაწყვეტილება, რომელიც კომიტეტმა მიიღო მოსამართლეებთან დაკავშირებით და რეკომენდაცია გაუწია იმ ადამიანებს რომლებიც კლანის აქტიური წევრები არიან, აქტივისტები და მთავარი ლიდერები, ვფიქრობ რომ მიუღებელია მთელი საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის,- ასე ეხმიანება ნაზი ჯანეზაშვილი იურიდიულ კომიტეტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერას.
ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციას და უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესებს მოსამართლეებს.
„არცერთი ადამიანი ამ სიიდან არ იმსახურებდა მხარდაჭერას. არცერთი ადამიანი ამ სიიდან არ იყო კანონის საფუძველზე წარდგენილი,ყველა იყო დარღვევის საფუძველზე წარდგენილი, შესაბამისად პარლამენტს უნდა ემოქმედა ადეკვატურად და მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფდა ყველა კანდიდატს და არ გაიყვანდა რომელიმე კანდიდატს პლენარულ სხდომაზე.
ვხედავთ ჩვენ რომ პროცესები სხვაგვარად მიდის, როგორც ჩანს ხალხის პროტესტი მაინც და მაინც არ აინტერესებს პარლამენტს და სავარაუდოდ აირჩევენ კლანის წვერებს რომლებიც დღეისათვის სასამართლო სისტემაში ერთგვარ ლიდერები არიან.
ეს ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებაა და არა ინდივიდუალურად მოსამართლის გაძლიერება, ან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩინჩალაძე დღითიდღე ძლიერდება“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.