ხვალ პარლამენტის სხდომა შედგება დ ა კენჭს ვუყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარჩენას არ აპირებენ, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი ამბობს.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება კანონმდებლობით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება.
„პარლამენტის სხდომა შედგება, სადაც ჩვენ კენჭს ვუყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. გადაწყვეტილება იმ კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება, რომლებიც კანონმდებლობითაა გაწერილი. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა დაახლოებით ექვს თვიანი, ნახევარ წლიანი პროცედურა. ჯერ იყო პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდეგ პარლამენტში. ყველაფერი საზოგადოების დაკვირვების ქვეშ წარიმართებოდა. ასევე, პარლამენტში თითოეულ მონაწილეს ჰქონდა საშუალება, კანდიდატებისთვის კითხვა დაესვა. პროცედურა ღია და გამჭვირვალე იყო. ეს ყველაფერი სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.