საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება, - აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციები საერთაშორიო პარტიორების თხოვნით გაგრძელდება.
"ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მოტივით არის ნაკარნახები მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მისივე მოსაზრებით, თანდათან ჩამოყალიბდება.
„ბოლოს გადაერთო კონსულტაციები მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე. ეს ინიციატივა არის სრულად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე. დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები. ეს საკითხი განიხილება გუნდში, უმრავლესობის შიგნით და ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვდგებით ოპოზიციის წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.