საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - “NATO Engages: Innovating the Alliance“ ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის და აქტიურად ემზადება იმ მომენტისთვის, როდესაც დადგება გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო.
“ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორცილებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან”,- განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ყველა პარტნიორთან, ასევე დგამს აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის საბოლოო მიზნისთვის მოსამზადებლად - რაც არის ნატოს წევრობა.