დაწყებულია მარგინალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი, რომელიც პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება,- - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა
მისი თქმით, ეს პროცესი საბოლოოდ, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით და ეროვნულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით დასრულდება
„ ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადია. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი, სხდომათა დარბაზში ასევე, არ იჯდება არც ერთი ნაციონალი არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც მისი შეფასებით, ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფო ჰუმანურ და ძლიერ სახელმწიფოდ წარმოაჩინეს და ასევე საზოგადოებას, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს, სწორად ხედავს ყველაფერს და სწორედ, ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.