ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
კოჟორიზე საუბრობს კალაძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც მან თქვა, რომ არ დააყენებს თავის კანდიდატს იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაცების“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიას ექნება გამარჯვების შანსი. ~
„სად იქნება ეს ოლქები, იქნება ისევ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შეფასებასა და გადაწყვეტილებას. ისინი იტყვიან, აქ აქვთ შანსი, აქ არ აქვთ შანსი. რა თქმა უნდა, ამას საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ. „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, მართლაც არ დააყენოს რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი, ისევე როგორც არ დააყენა მთაწმინდის ოლქში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად რაიმეში შეწინააღმდეგებოდა „ქართულ ოცნებას“ , როდესაც ის დეპუტატი იყო? ანალოგიურ სიტუაციას მივიღებთ, არანაირი განსხვავება არ იქნება. შესაბამისად, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. სადაც უშუალოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გაიმარჯვებს, თუ გაიმარჯცვებს „ქართული ოცნების“ რომელიმე სატელიტი, ყველა ეს ხმა წავა ისევ ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში და მოემსახურება ქვეყნის განვითარების შეფერხებას. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ დღევანდელ განცხადებას. ეს თაღლითობა უკვე კარგად გამოვცადეთ, შესწავლილი გვაქვს „ქართული ოცნების“ მსგავსი ტრიუკები. ამიტომ, ამ პროცესისადმი არანაირი ნდობა არ გვაქვს“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.