დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
ყოველი წლის 13 ნოემბერს აღინიშნება 100 ათასი წმინდანის დღე. გადმოცემის თანახმად, 1227 წელს თბილისში ჯალალ ად დინის შემოსევების დროს, იმდროინდელ მოსახლეობას მოსთხოვეს ქრისტიანობის უარყოფა და ხატების შეურაცხყოფა.
მას შემდეგ, რაც 100 ათასმა ქართველმა უარი თქვა ჯალალ ად დინის ბრძანების შესრულებაზე, მათ თავები მოჰკვეთეს და ცხედრები მტკვარში გადააგდეს.