იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე, საზოგადოების დაკვეთა ყოფილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა და ვეღარ გაბედეს იმის თქმა, რომ „ნაცმოძრაობით“ ხელისუფლების შეცვლა არის საზოგადოების დაკვეთა. ამას, ბუნებრივია, თქვენ ვერ ეღირსებით, - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპატატმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ნულოვანი ბარიერით, პროპორციული არჩევნებით, მოსახლეობა ნაციონალურ მოძრაობას სათანადო პასუხს გასცემს ქვენ.
„რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თუნდაც, 60%-იანი მაჩვენებელი, საკმაოდ რეალურია და ამაზე ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი მიზანი არის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩაბარდეს წარსულს და ეს უნდა მოხერხდეს შემდეგი არჩევნების საფუძველზე. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩვენ გვპირდებოდნენ მილიონი ხელმოწერის შეგროვებას. თქვენ გახსოვთ არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეგროვდებოდა მილიონი ხელმოწერა და ამით გახდებოდა „ქართული ოცნება“ იძულებული, რომ გადასულიყო პროპორციულ არჩევნებზე, წარმოადგინეს 250 ათასი ხელმოწერა ისე, რომ არც შერცხვათ. მე, მაგალითად, შემრცხვებოდა. რომ იქადნები, რომ უნდა მოგიტანო მილიონი ხელმოწერა რამდენიმე თვეში, 250 ათასი ხელმოწერის წარმოდგენა მე შემრცხვებოდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ძალა აბსოლუტურად უუნაროა, უუნაროა იმიტომ, რომ მის უკან არ დგას ხალხის ძალა. ხალხის ძალა დგას იქ, სადაც არის ხელისუფლება დღეს. ეს არის „ქართული ოცნება“ და ამას კიდევ ერთხელ დაგანახებთ 2020 წელს. ეს 250 ათასი ხელმოწერაც, კარგად ვიცით, როგორ გროვდება. თავის დროზე თქვენ გახსოვთ, მთელი სკანდალი ატყდა, როდესაც ზოგიერთი ყოფილი ოცნების პრემიერის ხელმოწერებიც კი დაფიქსირდა ხელმოწერებშიც. ანუ, ეს 250 ათასი ხელმოწერაც კი ვერ იქნა მოგროვებული პრაქტიკულად ჩვენი ოპონენტების მიერ. აქედან გამომდინარე, სანამ მუშტების ბრახუნზე გადახვალთ, მანამდე კარგად ჩახედეთ ხალხს თვალებში და ნახავთ, რომ ხალხის ძალა არის არა თქვენს მხარეს, არამედ, ხალხის ძალა არის თქვენს წინააღმდეგ, ხალხის ძალა არის „ქართული ოცნების“ მხარეს და ამას ძალიან კარგად დაინახავთ 2020 წლის არჩევნებში“, - თქვა კობახიძემ.