უკრაინული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე მეორემ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ეპიფანე წირვისას მოიხსენია, რაც პრაქტიკულად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს.
ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ღვთისმსახურებისას პატრიარქი თეოდორე მეორე უკრაინის ეკლესიის მეთაურს მოიხსენიებს, როგორც ეპიფანე კიეველი.
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ტახტი პირველია უძველეს მართლმადიდებლურ საყდრებს შორის [კონსტანტინოპოლის შემდეგ], რომლის მწყემსმთავარმაც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა, მოიხსენია რა მისი მეთაური საეკლესიო დიპტიქში.
ალექსანდრიის საპატრიარქო მეორე ადგილს იკავებს მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში.
აღსანიშნავია, რომ ბევრმა ადგილობრივმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი დაელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უძველესი საპატრიარქო საყდრები და მას შემდეგ მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას.