გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. იტყობინება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
პრესსამსახურის ცნობით, 2019 წლის 22 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტს, შემდეგ ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა სემ ბრაუნბეკთან,
აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩთან საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში.
შეხვედრებზე, რომლებიც უშუალო გაცნობასა და შუამავლი ორგანიზაციების გარეშე ურთიერთობას გულისხმობდა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უშუალო ურთიერთობები და პირადი შეხვედრები გაცილებით ნაყოფიერ და ქმედით შედეგებს გამოიღებს, რადგან ეკლესიას ეძლევა შესაძლებლობა, თავად ისაუბროს და სხვათა შუამავლობის გარეშე გააცნოს ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეს ეკლესიის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.
შეხვედრების ბოლოს სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მასპინძლებს წმინდა გიორგის ხატები უსახსოვრა.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კენტი საქართველოს ორ კვირაში ეწვევა.
დელეგაცია საპატრიარქოდან ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებებზე დასასწრებად გაეშურა.