ბელგიელი 15 წლის გოგონა სკოლაში ცხენით მივიდა.
The Bussels Times - ის ინფორმაციით, ჰამბიკში მცხოვრებ გოგონას, სკოლის ავტობუსმა მეათედ არ მიაკითხა. იასმინმა გადაწყვიტა ცხენზე ამხედრებული სკოლაში მისულიყო და ამ ფორმით ადმინისტრაციის უყურადღებობა გაეპროტესტებინა.
„ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათი, სამშაბათი... ვერასდროს გაიგებ როდის მოგაკითხავს სკოლის ავტობუსი. უკანასკნელ რამდენიმე დღეში, სკოლის ავტობუსი საერთოდ არ მოვიდა. უბრალოდ უნდა ელოდო, არასდროს იცი მოვა თუ არა“,- განაცხადა იასმინის მამამ, პატრის ვან ჰაუვერმეირენმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
იასმინი ერთი ქალაქიდან მეორეში ცხენით ჩასვლას 40 წუთს ანდომებს. ის სკოლაში მისასვლელად შემოკლებული გზებით გადაადგილდება.
გამოცემა იუწყება, რომ “ჰორტეკოს“ სკოლა ბუნებისა და ცხოველების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაცია გოგონას ნებას რთავს ცხოველი ეზოში დატოვოს და გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში ცხენით დაბრუნდეს.