დაღესტანში ორი სპეცოპერაციის დროს ათი ბოევიკია მოკლული. ინფორმაციას რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის "ეფ-ეს-ბესა" და შს სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონების წარმომადგენლებმა მებრძოლების ბლოკირება ადგილობრივთა კერძო სახლებში მოახდინეს. ორი სპეცოპერაცია ერთდროულად დაღესტნის ორ რაიონში მიმდინარეობდა - მახაჩკალის გარეუბანში და კასპიისკის რაიონში.
"შეტაკებაში დაღუპულია ბანდფორმირებების 10 წევრი. კერძოდ, კასპიისკის რაიონში მოკლულია რვა ბოევიკი, მახაჩკალაში კი ორი", _ იუწყება ანტიტერორისტული კომიტეტი.
ინფორმაცია ფედერალური ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა შესახებ არ ვრცელდება.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სპეცოპერაციები ჩრდილო კავკასიაში ბოლო დროს ჩატარებულ სპეცოპერაციათა შორის ყველაზე წარმატებულია.
"კონტრტერორისტული ოპერაციების აქტიური ფაზები მომავალშიც გაგრძელდება", _ იუწყება რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები