რესპოდენტის შესახებ
ირინე პეტრიაშვილი სს "ნენსკრა ჰიდროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი.
ირინე პეტრიაშვილი სს "ნენსკრა ჰიდროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი.
"ჭუბერი ზუგდიდიდან დაახლოებით 80 კმ-ს მოშორებით მდებარეობს, ნაკრა კი -100. ორივე ხეობა არის გზად მესტიისკენ. თუ კი თქვენ აპირებთ ესტუმროთ მესტიას, გირჩევთ თითო დღე ჭუბერსა და ნაკრას დაუთმოთ და ჩუბეხევის გამორჩეული ბუნებითა და სტუმარ-მასპინძლობით ისიამოვნოთ",- ირინე პეტრიაშვილი სს "ნენსკრა ჰიდროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი.
- ჭუბერსა და ნაკრაში ტურიზმის პოპულარიზაციისთის აწარმოებთ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას, შეკითხვა რომ პირდაპირ დავსვათ, რა გაკეთდა და რატომ აკეთებთ ამას?
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს "ნენსკრა ჰიდრო" არაერთ პროექტს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტში, იმ ორ ხეობაში, სადაც კომპანია ოპერირებს - ნენსკრასა და ნაკრაში. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია - პროფესიული განათლების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
ტურიზმი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც, სოფლის მეურნეობასთან ერთად, აქ დიდი პოტენციალი აქვს.
ტურისტული პოტენციალის ათვისება კომპლექსური სამუშაოა და მხოლოდ კერძო კომპანიის ძალისხმევა აქ საკმარისი არ არის. თუმცა, გვსურს შევიტანოთ ჩვენი წვლილი და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ზუსტად წლევანდელი საინფორმაციო კამპანია "სტუმრად ჩუბეხევში" გახდა. ჩუბეხევს ნენსკრასა და ნაკრას ხეობებს უწოდებენ.
საინფორმაციო კამპანია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში, ეს გახლავთ ადგილობრივი ბიზნესის საიფნორმაციო მხარდაჭერა.
ორივე ხეობაში ჯამურად 20-ზე მეტი საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს. ნაკრაში მდებარე სასტუმროებს როგორც წესი უცხოელ ტურისტებს მასპინძლობენ, ქართველებისთვის ეს ადგილი ნაკლებად არის ცნობილი. ჭუბერში კი გესტჰაუსებს უკვე რამდენიმე წელია ნენსკრა ჰესის პროექტში ჩართული ადამიანები სტუმრობენ საკმაოდ ინტენსიურად. შესაბამისად ორივე ხეობაში ეს სერვისი უკვე საკმაოდ განვითარებულია, რამაც საფუძველი მოგვცა სასტუმროების მფლობელებისთვის შეგვეთავაზებინა მათი სასტუმროების წარმოდგენა უძრავი ქონების პლატფორმა area.ge-ზე, რათა ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ინფორმაცია მათი ბიზნესის შესახებ. ჩვენი მხრიდან იყო უზრუნველყოფილი პროფესიული ფოტოგადაღება და უშუალოდ ინფორმაციის განთავსება პორტალზე.
შეიქმნა სპეციალური Facebook გვერდი სტუმრად ჩუბეხევში, რომელიც მოგვითხობს ჩუბეხევში მცხოვრები ადამიანების, ბუნების, ტრადიციების, სამზარეულოს შესახებ. ამავდროულად მიმდინარეობს მუშაობა ორენოვან ვებგვერდზე, რომელიც საშუალებას მოგვცემთ ერთ ადგილას მოვუყაროთ თავი ინფორმაციას, რომელიც ტურისტებს შეიძლება გამოადგეს - საოჯახო სასტუმროები, საფეხმავლო ბილიკები, დამატებითი სერვისები და სხვა.
გარდა ამისა, კამპანიაში აქტიურად ჩავრთეთ ქართული მედიასაშუალებები და აქვე გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რომ დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ კამპანიაში და მათი თვალით დანახული ჭუბერი და ნაკრა გააცნეს თავ-თავის აუდიტორიებს.
- გარდა საინფორმაციო კამპანიისა, ტურიზმის მიმართულებით რას აკეთებთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ?
- ჭუბერისა და ნაკრას ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მთავარ გამოწვევად ინფორმაციის სიმწირე რჩება, რასაც ჩვენი წლევანდელი საინფორმაციო კამპანია პასუხობს. თუმცა ხეობებში ტურიზმის განვითარება კომპლექსური საკითხია, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე თანმხლები სერვისების განვითარებას საჭიროებს.
ჩვენი კომპანია არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ უწყობს ხელს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მაგალითად, ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები 18-60 წლისებისთვის, რომლებიც ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება, ე.წ. მექანიზაციის პროექტი, რომელიც მოსახლეობის მძიმე ტექნიკით დახმარებას გულისხმობს და ხელს უწყობს შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მცირე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
ჩვენ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობას სხვადასხვა სოციალური პროექტების მეშვეობით და იმედს ვიტოვებთ, რომ ახლო მომავალში ნენსკრასა და ნაკრას ხეობები ეკო და აგროტურიზმის მოყვარულთათვის გამორჩეულ მიმართულებებად გახდება.
- ეს არის მილიარდიანი პროექტი და ენერგეტიკის სექტორში კონტრიბუციის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებზეც აქვს გავლენა, მათ შორის ტურიზმზე და ამ მხრივ, გასული ზაფხული გამოწვევებით სავსე იყო. "ნენსკრა ჰიდრო" თუ ჩაერთო ზაფხულის საქართველოში გატარებასთან დაკავშირებით კამპანიაში?
- ჩვენი საინფორმაციო კამპანიის ინსპირაცია ზუსტად Spend Your Summer in Georgia კამპანია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების, აღმოჩენა ბევრ ქართველს ჯერაც წინ აქვს, ჭუბერზე და ნაკრაზე კი ძალიან ცოტას სმენია, ჩვენი წვლილი საერთო საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
- პროექტი ჭუბერისა და ნაკრას თემის სოფლებს ფარავს. ეს მიმართულებები ტურისტული თვალსაზრისით, მესტიისა და უშგულისგან განსხვავებით, პოპულარული არ არის. რა პოტენციალი აქვთ ჭუბერსა და ნაკრას?
- ჭუბერი და ნაკრა იდეალური ადგილებია ეკო და აგრო ტურიზმის მოყვარულთათვის - სტუმრებს მრავალეროვანი საფეხმავლო ბილიკები ელის. მათ შორის - 2800 მეტრზე მდებარე უთვირის უღელტეხილზე, რომლითაც ჭუბერიდან ნაკრაში გადავდივართ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადგილობრივების გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა, გესტჰაუსების სიმყუდროვე და უგემრიელესი კერძები, რომლებსაც ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დაგიმზადებენ.
- თავად ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარეობიდან გამომდინარე, დატვიტთვა ჭუბერსა და ნაკრაში სასტუმროებზე აისახა თუ არა?
ამ კითხვაზე პასუხს ჩვენზე უკეთ ალბათ ადგილობრივები გასცემენ, თუმცა ობიექტურად, ჭუბერში არსებულ გესტჰაუსებს ძირითადად ნენსკრა ჰესის პროექტში ჩართული ადამიანები სტუმრობენ. ამ გარემოებამ, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ამ სერვისის განვითარებას ხეობაში.
- ტურისტული ინფრასტრუქტურა რამდენად არის განვითარებული, მათ შორის რუკები და ა.შ.
- ამ თვალსაზრისით ჭუბერსა და ნაკრას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით არსებობს ტურისტული ბილიკების მარკირება, რაც ძალიან მოხერხებულია საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.
- როგორც ვიცით, ნენსკრა ჰესის კაშხალზეც არის დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება - დეტალები....
- ნენსკრა ჰესის პროექტი 125-მეტრიანი ქვანაყარი კაშლის მშენებლობას ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ჰესი 2025 წლამდე ექსპლუატაციაში არ შევა, კაშხალთან ტურისტული ინფორასტრუქტურის მოწყობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროექტის ინვესტორის სამშობლოში, კორეაში (პროექტის ინვესტორი, კორეული სახელმწიფო კომპანია K-water გახლავთ, რომლის მართვაში ამჟამად 16 კაშხალია) კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ხშირ შემთხვევაში ტურისტული ზონაა.
- რამდენად მარტივია ჭუბერსა და ნაკრაში ჩასვლა ტურისტისთვის?
- მარტივად რომ ვთქვათ - ჭუბერი ზუგდიდიდან დაახლოებით 80 კმ-ს მოშორებით მდებარეობს, ნაკრა კი 100 კმ. ორივე ხეობა არის გზად მესტიისკენ. თუ კი თქვენ აპირებთ ესტუმროთ მესტიას, გირჩევთ თითო დღე ჭუბერსა და ნაკრას დაუთმოთ და ჩუბეხევის გამორჩეული ბუნებითა და სტუმარ-მასპინძლობით ისიამოვნოთ.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"