"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე? ალბათ ორივეა", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა. პატრიარქის ქადაგებას "პირველი არხი" ავრცელებს.
"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე? ალბათ ორივეა. გიხაროდენ საქართველოვ, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.
საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე", - განაცხადა ილია მეორემ.