ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში დღეს არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეხვდნენ. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დისკუსია 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ რეფორმას შეეხო.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არსებული შედეგები გააცნო და განმარტა რომ საქართველოში საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
ლევან სურგულაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 854 ათასამდე ადამიანი არის გაწევრიანებული.
სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებთან დისტანციურად გრძელდება მუშაობა. საინვესტიციო საბჭო სექტემბერში თბილისში ისევ შეიკრიბება და დოკუმენტზე მუშაობას დაასრულებს.
"ისინი უკვე მეორედ ჩამოვლენ 16 სექტემბრის კვირაში. საქართველოში კიდევ შეიკრიბებიან და სავარაუდოდ, ძალიან ახლოს ვიქნებით საინვესტიციო დოკუმენტის დასრულებასთან. ის იქნება საჯარო დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად გამოქვეყნდება. ამ დოკუმენტის მიხედვით კი დაიწყება საინვესტიციო პროცესი", - თქვა სურგულაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა უკვე მეორე გაიმართა. მხარეები აღნიშნავენ, რომ მსჯელობა საპენსიო რეფორმაზე მომავალშიც გაგრძელდება.