ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის აჭარის სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ.
ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს.
სპორტის პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, პროგრამებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება 2018 წლის აპრილში მიენიჭა.
ასოციაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი სპორტის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით ევროპაში საუკეთესო მაგალითია.