საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები დღეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინვესტიციო საბჭოს წევრები უკვე მესამე დღეა რაც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
ლევან სურგულაძის განცხადებით, საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი როგორ და რომელ სექტორებში უნდა მოხდეს აკუმულირებული თანხების ინვესტირება.
“გაჩნდება ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები. საქართველოში ამონაგები ინვესტიციაზე არის გაცილებით მაღალი, ვიდრე დასავლეთში. ამ კანონოთ, თანხების მაქსიმუმ 80% უნდა განთავსდეს საქართველოში და შეიძლება ასივე პროცენტი. ჩვენთან უფრო მაღალი ამონაგებია. უნდა გაჩნდეს კიდევ დამატებით საინვესტიციო ინსტრუმენტები, რომელიც ამ ამონაგებს გადააქცევს იმ ფორმაში, რა ფორმითაც შესაძლებელია განვახორციელოთ ინვესტიციები კანონის შესაბამისად, კეთილსაიმედოობიოს პრინციპის სრული დაცვით”,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი პერსპექტიულ სექტორებსაც ასახელებს, მათ შორისაა: საფინანსო, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორები.
„კომპანიებმა უნდა გამოუშვან ფასიანი ქაღალდები, ეს არის ან წილობრივი ან საკრედიტო. შესაბამისად, ამ ფასიან ქაღალდებს, რომელთაც ექნებათ რეიტინგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული და ეს იქნება იმ დონის რეიტინგი, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები. კანონში კი გაწერილია რა არის მისაღები. ჩვენ ასეთ ქაღალდებს შევიძენთ. ეს იქნება დივერსიფიცირებული პორტფელი, ეს არ იქნება კონცენტრირებული რომელიღაც კონკრეტულ მიმართულებაზე, ეს იქნება აუცილებლად დივერსიფიცირებული. კორელაცია პორტფელში უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი”,- განმარტა ლევან სურგულაძემ.