მამუკა ხაზარაძე ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში, ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა - ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა. ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მამუკა ხაზარაძის განაცხადს გამოეხმაურა.
თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე წარმატებული ადამიანია და სწორედ წარმატებული ადამიანები უნდა ქმნიდნენ ხელისუფლებას. ამიტომ ის პრობლემას ვერ ხედავს წარმატებულ და პატრიოტ ადამიანებს შორის თანამშრომლობაში.
„როდესაც მან საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ის ცნობილი განცხადება გააკეთა წერილის შესახებ, იმ მომენტში უკვე ნათელი იყო, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა, მან ეს ნაბიჯი გადადგა, მან დაინახა, რომ უბიძგეს სხვა საქმიანობისკენ. ეს სხვა საქმიანობა შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ სახლში დაჯდომა და არაფრის კეთება ან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. ის ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. მამუკა ხაზარაძემ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, წარმატებული ადამიანები უნდა ქმნიდნენ ხელისუფლებას და არა ადამიანები, რომლებიც CV-ს ხსნიან პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ამიტომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ვერცერთ თანამშრომლობაში, რომელიც წარმატებულ, ამ ქვეყნის პატრიოტ ადამიანებს შორის დგება ხოლმე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.