ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომების ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამდივნო და ისინი წყვეტენ, ვინ უნდა გახსნას სხდომა.
„მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა, ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რადგან ალბათ მე უფრო მეტი უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ მათ ეს პოზიცია დაეცვათ. როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და შესაბამისად, რომელი გახსნიდა, რომელი წაიყვანდა, ეს იყო უკვე ტექნიკის საკითხი. ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდ წილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას” - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.