ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა, ხოლო საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე კონგრესის ცენტრი.
ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული. აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დუბლინში ქართული დროშების აღმართვა ხდება.
დღეს, 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.