ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალზე, სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"თეთრი ქარავანი" 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება.
ფილმის გადაღება 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. "თეთრი ქარავანის" სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო.
ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.
წელს კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ იქნება.