23 აპრილს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", The Financial-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით საბანკო ფორუმი "მომავლის ბანკინგი" გაიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ საბანკო რეგულაციების თემაზე პრეზენტაცია გამართა.
პაპუნა ლეჟავამ მონაწილეებს დეტალურად გააცნო განხორციელებული ცვლილებების აუცილებლობა და პირველადი შედეგები, მან ასევე ვრცლად ისაუბრა სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
"ძალიან კარგია, რომ ასეთი ღონისძიებები იმართება და არსებობს პლატფორმა, რომ გარკვეულწილად გავცვალოთ ინფორმაცია ბაზრის მოთამაშეებს, ექსპერტებსა და მოსახლეობას შორის. ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი შინაარსი არის სწორედ ახლახან შემოღებული რეგულაციების განხილვა, უკვე დანახული შედეგები და სამომავლო გეგმები", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
"მომავლის ბანკინგი" ყოველწლიური ღონისძიებაა და The Financial-ის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია კომპანიებს საშუალება მისცეს წარმოადგინონ სერვისების წარმართვის, გადახდის მეთოდების, კიბერ თავდაცვისა დამომხმარებლის მომსახურეობის ინოვაციური სერვისები.