2019 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.
1989 წლის 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას წინ უსწრებდა 1989 წლის 18 მარტი აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, აფხაზების მიერ გამართული მიტინგი, სადაც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის საკითხი დაისვა. ამას ქართული საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
საპროტესტო აქცია თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთთან დაიწყო და შემდგომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის (ამჟამად საქართველოს პარლამენტი) წინ გადაინაცვლა. საბჭოთა რეპრესიული მანქანის მორიგი აქცია მსხვეპლით დასრულდა.
თბილისის ცენტრში საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა დაარბიეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა.
1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი მოიწამლა.
თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
აქციის დარბევისას დაიღუპნენ:
აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი.
დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა ათასობით ადამიანი.
საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა. ხშირად 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში.
1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვას - "ხართ თუ არა თანახმა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა" - დადებითად უპასუხა.