საპენსიო სააგენტო განმარტავს პროცედურებს საპენსიო სისტემიდან გასვლის შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის დატოვების მოთხოვნით განცხადების დაწერა და წარდგენა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში მისამართზე - თბილისი, ყიფშიძის ქუჩა N 7ბ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მისამართები იხილეთ მითითებულ ლინკზე - https://bit.ly/2JNDniE
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) გაქვთ მხოლოდ ორი თვე.
თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებთ საპენსიო სისტემას, დარჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ.
აღსანიშნავია, რომ სამი თვის ათვლა იმ თარიღიდან იწყება, როდესაც ბუღალტერმა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ, მომხმარებლის პირად პროფილზე. პირად პროფილზე შესასვლელად საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოს. თუ მოქალაქეს ორი დამსაქმებელი ჰყავს, შესაბამისად, პირად გვერდზე შესასვლელად საჭირო იქნება ორი პაროლი.
საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული).
განცხადების დაწერა საპენსიო სისტემის დატოვების შესახებს შეუძლიათ თავად ამ სისტემაში მყოფ პირებს, ან მათ მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.