2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის, აღნიშნილი განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ძირეული ცვლილებები განხორციელდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
მნიშვნელოვნად გაიზრდება სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებისთვის დადგენილი სანქციები. დღეისთვის არსებული ჯარიმები იმდენად მცირეა, რომ მას პრაქტიკულად არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია.