ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების გაზომვის სპექტრი ფართოვდება, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
როგორც დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის ახალ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წელს დაიწყება ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის და ნიკელის შემცველობის მონიტორინგი.
ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება ატმოსფერულ ჰაერსა და სხვადასხვა მასალაში აზბესტის ბოჭკოების შემცველობის ანალიზი, რისთვისაც საჭირო თანამედროვე დანადგარი უკვე საქართველოშია.
„უახლოეს მომავალში ჩვენი ლაბორატორია დაიწყებს, როგორც ატმოსფერულ ჰაერში აზბესტის ბოჭკოების შემცველობის მონიტორინგს, ისე იმ მასალების შესწავლას, სადაც შეიძლება გამოყენებული იყოს აზბესტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.