აპრილში თბილისში ევროპული ავტომატური სადგური ამოქმედდება, ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მსგავსი სადური თებერვალში რუსთავში უკვე ამოქმედდა, ხოლო კასპში უახლოეს მომავალში ამოქმედდება. იტალიის მთავრობის მხარდაჭერით 2019-2020 წლებში ქვეყნის მონიტორინგის ქსელს კიდევ 5 ახალი ევროპული ავტომატური სადგური შეემატება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, პირველად საქართველოში, ჩატარდა მასშტაბური კვლევა ქ. თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად
65 ლოკაციაზე, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.
2018 წელს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ანალიზის ლაბორატორია.
2018 წელს ამოქმედდა საქართველოს მასშტაბით ჰაერის ხარისხის პირველი ავტომატური მობილური სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჰაერის ხარისხის შემოწმება.
გარდა ჰაერში ტყვიის მონიტორინგისა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი. 2018 წელს 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯი იქნა აღებული. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შვეიცარიული კომპანიის (SGS) მიერ. არც ერთ სინჯში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილია ახალი პორტალი - http://air.gov.ge/
პორტალი უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.