4 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
კობა გვენეტაძემ მომავალ ეკონომისტებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა და ეროვნული ბანკის ფუნქციები და ამოცანები გააცნო.პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების სერია ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პოტენციური კვალიფიციური კადრების მომზადება. ამავე შეთანხმების მიხედვით, კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლას შეძლებენ, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ. მათ საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ეროვნული ბანკის საქმიანობას და თავად გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. ისინი ასევე შეძლებენ გაეცნონ მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს.
"დღეს შევხვდი ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს და მათთან ვრცლად ვისაუბრე ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ვუპასუხე ახალგაზრდების შეკითხვებს და მოვისმინე მათი ხედვები. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებენ.
მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ ნიჭიერი სტუდენტები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. ჩვენ, ეროვნულ ბანკს, ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს და მოხარული ვიქნები, თუ ახალგაზრდა და ნიჭიერი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტებში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კობა გვენეტაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა, რომელიც ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა.