თამაზ ახობაძემ, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან ანა სუბელიანთან ერთად 2013 წელს გაათავისუფლეს, იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო.
თამაზ ახობაძემ ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულა დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ, მათ შორის, ორჯერ უზენაეს სასამართლოში.
სასამართლომ დაადგინა, რომ თამაზ ახობაძის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა კონკრეტული თანამდებობის პირების სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულის მუშაობის ხარისხთან და მის კომპეტენციასთან.
მრავალწლიანი სასამართლო დავა საბოლოოდ 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
შიმშილობის დაწყებამდე ახობაძე შეხვდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეს. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ახობაძემ დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია და ისინი მზად არიან კომპენსაცია გასცენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვის აღდგენაზე. ახობაძე შიმშილობის შედეგად სავარაუდო ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.