გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე, სამომავლო მიზნებსა და ქმედებებზე იმსჯელეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ პროექტს, რასაც ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კონსერვაციის მიზნების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცვა და ხშირ შემთხვევაში, აღდგენის ღონისძიება უმნიშვნელოვანესია. მეორეს მხრივ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ პრიორიტეტულია. ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, დაცვის ღონისძიებების გატარება აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს სამინისტროს აქვს შემუშავებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს და შექმნის საკანონმდებლო საფუძველს ბიომრავალფეროვნების მართვის კუთხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტი და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა თანხვედრაში იყოს სამინისტროს პოლიტიკასთან. დღევანდელი შეხვედრის მიზანსაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, მეტი კოორდინაციით, უფრო ეფექტური პოლიტიკის წარმოება და აღსრულების ღონისძიებების დაგეგმა წარმოადგენდა“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია ყველა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.