გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მისიას მსოფლიო ბანკის ევრაზიის რეგიონის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი ქსენია ლვოვსკი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.
იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა მისიას წლების განმავლობაში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის და სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ხატია წილოსანის განცხადებით, ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, აღდგენა და მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ყურადღება ტყის კოდექსის ფარგლებში სატყეო სექტორის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.
როგორც ქსენია ლვოვსკიმ აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ყოველთვის სასიამოვნო და პროექტის მიზნების შესაბამისია, რაც რეგიონში განხორციელებული პროექტების შედეგებით დასტურდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.