12 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში", საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმი.
ქართველ და ბელორუს ბიზნესმენებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვასილი რომანოვი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი.
მისასალმებელი სიტყვის შემდგომ გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ბელორუს ბიზნესმენებს შორის.
12-15 ნოემბერს საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის ბელორუს ბიზნესმენთა დელეგაცია ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის რომანოვის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის წევრები წარმოადგენენ მრეწველობის შემდეგ სექტორებს: ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლების, ციტრუსის, ხურმის, ბროწეულის, ჩაის, ჯემების, თხილის, ქიშმიშის, წვენების კონცენტრატების იმპორტიორი კომპანიები, ასევე წყლის ტუმბოების, სამედიცინო აღჭურვილობის, პროფესიონალური სარეცხი ფხვნილების და სადეზინფექციო საშუალებების, ტრანსფორმატორების და ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების, საბურავების (ნებისმიერი სახის მანქანებისთვის), ავეჯის დასამზადებელი აღჭურვილობების (ხელოვნური ტყავი, გარე-ფასადები, ტენტები) და საკვები პროდუქტების (ხორცი, რძის ნაწარმი, პურ-ფუნთუშეული, ნატურალური წვენი, მაიონეზი) ექსპორტიორები.