ნატოში მაკედონიის გაწევრიანება ნიშნავს, რომ ალიანსის კარი ღიაა და ის ამ გზაზე საქართველოს მხადაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაკედონიასთან გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მაკედონიამ და ალიანსის წევრმა 29 ქვეყანამ ხელი მოაწერეს პროტოკოლს ნატოში მაკედონიის გაწევრიანების შესახებ.
ჟურნალისტებმა სტოლტენბერგს ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს მოვლენა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპეტივის თვალსაზრისით.
„ეს ნიშნავს, რომ ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს პასუხობენ, რომლებიც მხარს უჭერენ ნატოს ფასეულობებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ალიანსი „ძალიან აღფრთოვანებულია იმით, რასაც საქართველოში ხედავს, კერძოდ, რეფორმებისადმი ერთგულებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას“. მისივე თქმით, ის მიესალმება ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გასული წლის ივლისში სამიტზე მკაფიოდ გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოს წევრობის პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ.
„ჩვენ გავზარდეთ თანამშრომლობა საქართველოსთან, ამგვარად, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.