ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სოფიო კილაძის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევას გააჩნია სისტემატიური ხასიათი და, აუცილებელია, აღნიშნულს მიეცეს შესაბამისი შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან.
როგორც ორგანიზაციის საჩივარშია მითითებული, სოფიო კილაძე ხელს არ უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზით და პერმანენტულად ღირსების შემლახველ მიმართვებს იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, რითაც აფერხებს მათი მხრიდან დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას.
"პარლამენტარი ასევე არღვევს ეთიკის კოდექსის თანასწორობის პრინციპსა და გამოხატავს უპატივცემულობას განსხვავებული შეხედულებების მქონე, გენდერული იდენტობის თუ სხვა ნიშნით განსხვავებული პირების მიმართ.
პარლამენტის წევრი არ გამოხატავს პატივისცემას მოქალაქეების მიმართ და იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია განსხვავებული შეხედულების თუ ნიშნის მიუღებლობისკენ.
პარლამენტის წევრი არღვევს ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე და ხელს არ უწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას", - აღნიშნულია საჩივრის ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა წარადგინა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, სადაც სოფო კილაძემ ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - წარმომადგენლებს ანა აბაშიძეს და ანა არგანაშვილს მოუწოდა, რომ ,,კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ”. გარდა ამისა, ადამიანის უფლება კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ „ანა არგანაშვილს და ანა აბაშიძეს დავალებული ჰქონდათ ბავშვის უფლებათა კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი ეთამაშათ“. თუმცა სოფო კილაძეს არ დაუკონკრეტებია თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია.
საჩივრის სრულ ტექსტი იხილეთ აქ