დღეს, ვაკის მედიათეკაში, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.
1 მარტიდან, ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკებში, მემორანდუმით გათვალისწინებული ორი პროექტი ამუშავდება. ორივე საგანმანათლებლო ხასიათისაა და სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
სტუდენტებისა და სხვა დაიტერესებული პირებისთვის ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა „სამეცნიერო კაფე“. პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორები სხვადასხვა დარგობრივ ლექციას ჩაატარებენ. სტუმრებს დახვდებათ თბილი და მყუდრო ვერანდა, ასევე ცხელი სასმელი.
პარალელურად, ვარკეთილის მედიათეკაში, აბიტურიენტებზე გათვლილი მეორე პროექტი ამუშავდება - აქ მათთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ჩაატარებენ ორ საგანში.
აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა უახლოეს მომავალში დაიდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.