თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია განცხადებას ავრცელებს:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ შაბათის კურიერში, ნუცუბიძეზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებით, გასულ არასწორად ინტერპრეტირებულ სიუჟეტს.
საქმე ეხება ერთ-ერთ კომპანიას, რომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მზიურის მიმდებარე ტერიტორია) სახელმწიფომ გაიყვანა საავტომობილო გზა. შესაბამისად, ხსენებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპანიას 2016 წლის აპრილში, გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთი ნუცუბიძის ფერდობზე.
ბუნებრივია, კომპანიას სურდა თავისი ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება, რასაც მოჰყვა ნუცუბიძეზე მცხოვრები ადამიანების პროტესტი, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, ტერიტორიაზე, რომელზეც საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენებულიყო, მოქალაქეებს გაშენებული ჰქონდათ ნარგავები, თუმცა ტერიტორიას ოფიციალურად რეკრეაციული სტატუსი არ გააჩნდა.
სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტმა კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამწვანებული ნაწილის მონაცვლეობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ 2019 წლის იანვარში დამტკიცდა. ამ გადაწყვეტილებით, გამწვანებული არეალი და მასზე ხელმისაწვდომობა უნარჩუნდება ადგილობრივ მოსახლეობას და ეს არის ცალსახად და მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება.
ასეთია რეალობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. არავითარ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ოპონენტების მიერ შეთხზულ და სიუჟეტად ქცეულ ვერსიებს, ამ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებასთან, კავშირი არ აქვს“.