თბილისის საკრებულოში ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი სახელწოდებით -„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით დაიწყო, კვლავაც გრძელდება.
როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში, ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და დედაქალაქის თემით დაინტერესებული ადამიანები სტუმრებს თბილისის ისტორიის სხვადასხვა საინტერესო, ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გააცნობენ.
დღესვე დეპუტატმა პროექტის მიზნებზე ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
თებერვლის თემა - ,,თბილისი მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე“ (არტისტული ცხოვრება 1910-1930 წლებში) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ეკა კიკნაძე წარმოადგინა, რომელმაც 1910-იან წლებში საქართველოში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო პროექტებსა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მათ სახეცვლილებებზე ისაუბრა.
მომხსენებელი ასევე იმ ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებს შეეხო, რომლებიც წლების მანძილზე ქართული სახელოვნებო პროცესების ავანგარდში იდგნენ და რომელთა სიცოცხლე 1937-1938 წლებში „წითელი ტერორის“ სახელით ცნობილმა სტალინურმა რეპრესიებმა შეიწირა.
პროექტი - ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება და მასზე დასწრება თბილისის ამბებით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეუძლია.