თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ულრიკ ტიდესტრომთან შეხვედრა გამართა. გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისთვის და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ულრიკ ტიდესტრომს დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა შორის არის: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ურბანული პოლიტიკის რეფორმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვაზე და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია გათვალისწინებული.
შვედეთის ელჩმა თავის მხრივ აღნიშნა საქართველოს მზარდი პოპულარობა შვედ ტურისტებსა და კომპანიებს შორის. მან დაადასტურა საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.
შეხვედრის ბოლოს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ელჩს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.