"Global Finance"-მა გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლის მიხედვით უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.
მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველო უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.
"Global Finance"-ის წლევანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო უსაფრთხოების მაჩვენებლით რეგიონის ლიდერია. ამავე რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები - სომხეთი 62-ე, აზერბაიჯანი 71-ე, თურქეთი 107-ე, რუსეთი კი 108-ე ადგილზე არიან. მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის საერთო რეიტინგში ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.
ამერიკული გამოცემის "Global Finance"-ის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენული მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება, კონფლიქტის შესაძლებლობა და ბუნებრივი კატასტროფების რისკი.