ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან 32 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.ი.
ვერიკო ანჯაფარიძის ოჯახი ქუთაისის ინტელიგენციას ეკუთვნოდა. მსახიობის ბაბუა გრიგოლ ანჯაფარიძე ცნობილი იურისტი იყო, მამა-ივლიანე ანჯაფარიძე კი-ნოტარიუსი. მსახიობის მამიდა ლიდია გრიგოლის ასული ანჯაფარიძე გათხოვილი იყო რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორ გიორგი ქორქაშვილზე, მეორე მამიდა მარიამ გრიგოლის ასული ანჯაფარიძე კი-აზნაურ გიორგი გეგელიაზე. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძე სწავლობდა მოსკოვში - ს. აიდაროვისა (1916-1917) და თბილისში - გ. ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 - ბათუმის თეატრისა და თბილისის „მუშათა თეატრის“, 1928-1932 - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 მუშაობდა მოსკოვის „რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის „დედაში" სოფიას როლი შეასრულა . 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისში". იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ანჯაფარიძის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.
ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა.
კინოში იღებდნენ 1925 წლიდან. შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო („საბა", 1929), ლუიზა („კომუნარის ჩიბუხი", 1929), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა", 1937), რუსუდანი („გიორგი სააკაძე", სსრკ სახელმწიფო პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა („ბერლინის დაცემა" , 1949), დაფინა („სკანდერბეგი", 1956), ოთარაანთ ქვრივი („ოთარაანთ ქვრივი", 1958), ნინო („ბედნიერი შეხვედრა“, 1949), კნეინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან", 1966), მგზავრი („მონანიება", 1984) და სხვა. ამ როლებით ვერიკო ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული და საბჭოთა კინოს ისტორიაში.
ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო. გარდა ამისა, ასწავლიდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში და ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც, მან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის „ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის „მღელვარე დღეები".
იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. სოციალისტური შრომის გმირი (1977). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.
მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ვერიკომ გ.ჯაბადარის სტუდიაში გაიცნო მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი, შემდეგში კი-ცნობილი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. მათ შორის მალევე გაჩნდა გრძნობა, თუმცა წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა და 1918 წ. ვერიკო ანჯაფარიძემ იქორწინა შალვა ამირეჯიბთან. ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. ერთადერთი ქალიშვილი ჩვილი გარდაიცვალა. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და 1924 წლის აჯანყების მონაწილე ამირეჯიბი 1925 წელს იძულებული გახდა, საქართველოდან ევროპაში გაქცეულიყო. ვერიკო მას არ გაჰყოლია. შემოქმედებით ასპარეზზე ერთად მოღვაწეობამ ისევ დააახლოვა ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი და ისინი დაოჯახდნენ. მათი ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი.