პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებულებით, ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მეტისი გადაყენებულია თანამდებობიდან. მიზეზი გახდა მეტისის განცხადება, რომ იგი არ ეთანხმება უმაღლესი მხედართმთავრისა და სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებას სირიიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ.
განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რით დაასაბუთა გენერალმა მეტისმა (ზედმეტსახელად „ქოფაკი“) ეს უთანხმოება. მისი თქმით, ამერიკა არ უნდა იყოს „მსოფლიო ჟანდარმი“, მაგრამ არ უნდა მიატოვოს და იმედი არ უნდა გაუცრუოს თავის მოკავშირეებს - რუსეთისა და ჩინეთის სასარგებლოდ.
უპირველესად, რასაკვირველია, იგულისხმებიან სირიელი ქურთები. ისინი „ორცეცხლშუა“ აღმოჩნდებიან თურქეთსა და რუსეთს შორის. თუმცა არც ისრაელია აღფრთოვანებული ტრამპის გადაწყვეტილებით, რაკი ამერიკის „წასვლა“ სირიიდან უეჭველად გამოიწვევს ებრაული სახელმწიფოს დაუძინებელი მტრის, ირანის კიდევ უფრო „ღრმად“ დამკვიდრებას იმავე სირიაში - მის მეზობლად.
ტრამპი იერუსალიმს ამშვიდებს იმით, რომ „აგერაა „მეექვსე ფლოტი“ ხმელთაშუა ზღვაში და ამერიკა არავის მისცემს უფლებას ისრაელს თითი დააკაროს“. ოღონდ ეს მთლად 100%-ით რელევანტური არგუმენტი ნამდვილად არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეტისმა განცხადებაში აღნიშნა, რომ გადადგება თებერვლის ბოლოს, რაკი აუცილებლად უნდა დაესწროს NATO-ს მინისტერიალს. ანუ, ამერიკულ არმიაში უდიდესი ავტორიტეტის მქონე, მრავალგზის „ნაომარ-ნაქარცეცხლარ“ გენერალს დაუყოვნებლივ გადადგომა და ამით „კარის გაჯახუნება“ აშკარად არ უნდოდა - დაიცვა ეთიკაც და „პოლიტესიც“. ამით არმიის ინტერესებს უფრო გაუფრთხილდა, ვიდრე ტრამპის პრესტიჟს.
სამაგიეროდ ტრამპმა „გაუჯახუნა კარი“: თავდაცვის მინისტრი საკუთარი ბრძანებით გადააყენა და ამით ორ არსებით მომენტს გაესვა ხაზი: 1) არანაირი „დიპლომატიური თამაში“ ეს არ არის და აშშ პრეზიდენტი ნამდვილად აპირებს სირიიდან „წასვლას“. დღესვე თუ 10 თვის შემდეგ, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. 2) დონალდ ტრამპი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ გენერალ მეტისის მოთხოვნა არათანმიმდევრულია, რაკი ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ტრამპი სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ყველა სხვა კონფლიქტური რეგიონიდან „წასვლას“ ჰპირდებოდა „გლობალური მისიით“ დაღლილ ამომრჩეველს, ხოლო გენერალმა მეტისმა, როცა ნომინირებას თანხმდებოდა, ეს შესანიშნავად იცოდა.
მართლაც, ჯეიმს მეტისის არგუმენტი „კონფლიქტებში არ ჩავერიოთ, ჯარისკაცები არ დავკარგოთ, თუმცა მოკავშირეები არ უნდა მივატოვოთო“, ცოტა არ იყოს წინააღმდეგობრივია: „ვარდნი უეკლოდ ჯერ არავის მოუკრეფია“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთი „წასვლა-უკანდახევა“ დონალდ ტრამპის პოლიტიკური ფილოსოფიის ნაწილია, რის თანახმადაც, ამერიკა უნდა დაუბრუნდეს „მონროს დოქტრინას“, - არც ევროპის, არც ახლო აღმოსავლეთის პრობლემებსა და კონფლიქტებში არ ჩაერიოს და „იყოს თავისთვის“ - ორი ოკეანით დაცული.
ამგვარი ფილოსოფია, თუ ნამდვილად განხორციელდა (რისი პირიც უჩანს), შესაძლოა ტოტალურ კატასტროფად იქცეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და, საბოლოოდ, თვით ამერიკისთვისაც!
ჯერ დავაკვირდეთ ვის ნიშნავს პრეზიდენტი ტრამპი მეტისის შემცვლელად: თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე პატრიკ შანაჰანს. ეს სუბიექტი უმკაცრესად ეწინააღმდეგებოდა მეომარი, ოკუპირებული უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას მაშინაც კი, როცა „ოპოლჩენიად“ გადაცმული რუსის ჯარი მარიუპოლს ემუქრებოდა და საუბარი იყო მხოლოდ თავდაცვით იარაღზე. სენატის Hearing-ისას უმწვავესი „ჯახიც“ კი მოხდა მასსა და სენატორ ჯონ მაკკეინს შორის.
გარდა ამისა, ტრამპის გადაწყვეტილება სრულად თავსდება ტრამპის „,მეგა-ნარატივში“, რომ „ევროპას ვიცავთ, ისინი კი ფულს არ გვიხდიან, ჩვენზე ბევრად ნაკლებს ხარჯავენ, ჩვენ ვომობთ, ისინი არ ომობენ...“ და ა.შ. დალოცვილო, აბა გლობალური ლიდერობა თუ გინდა, ისევ და ისევ „ვარდნი უეკლოდ ვის მოუკრეფია“? გლობალური ლიდერობა გლობალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
თუმცა, „ტრამპიზმის“ საფუძველია ერთი ფართოდ გავრცელებული, ოღონდ ძირშივე მცდარი თეზისი, თითქოს ამერიკამ მთავარია ეკონომიკური „ლიდერშიპი“ შეინარჩუნოს, მთავარია დოლარი რჩებოდეს გლობალურ ვალუტად, ამერიკა იყოს ტექნოლოგიური ინოვაციურობის „კერა“ და....გლობალურ წესრიგს იგი „სამხედრო ინსტრუმენტების“ გარეშეც შეინარჩუნებს.
ეს თეზისი ისტორიულ გამოცდილებას ეწინააღმდეგება იმის მიუხედავად, რომ მისი უარმყოფელი მაგალითებიდან ასწლეულები და ათასწლეულებიც კი გავიდა: მართლაც, უამრავი მაგალითია ისტორიაში, როდესაც მაღალკულტუროსანი, იმდროისათვის ტექნოლოგიურად, ინსტიტუციურად, ეკონომიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით მოწინავე სახელმწიფო ველურმა, „ტყაპუჭიანმა“, არაცივილიზებულმა ბარბაროსებმა დაანგრიეს, რაკი ჯერ სამხედრო ძალით შეაღწიეს მისი გავლენის სფეროებში და იქ დამკვიდრდნენ, შემდეგ კი პირდაპირ შეუტიეს და დაამხეს.
ხომ ვერ უშველა რომს ვერც გენიალურმა კულტურამ, ვერც ტექნოლოგიებმა, როდესაც გავლენის სფეროები შეუზღუდეს, კომუნიკაციები გადაუჭრეს და გასაღების ბაზრებზე წვდომა აუკრძალეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„დღეს სხვა დროაო“ - სისტემური თვალსაზრისით სულაც არ არის „სხვა დრო“! ამას ადასტურებს აწ გარდაცვლილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის ეპოქალური წიგნი „დიადი საჭადრაკო დაფა“. ამერიკის „გლობალური ჰეგემონიის“ (მისი ტერმინია-ნ.ი.) ნიშან-თვისებათა ჩამოთვლისას, ბჟეზინსკი მათ ასე „ალაგებს“:
ა) სამხედრო ძლევამოსილება
ბ) ეკონომიკური აღმატებულობა
გ) ტექნოლოგიური ლიდერობა
დ) კულტურულ-ცივილიზაციური მიმზიდველობა.
ბჟეზინსკი უეჭველად გულისხმობს, რომ სამხედრო ძლევამოსილების და სამხედრო ძალის „ინტერესთა სფეროებზე“ პროეცირების გარეშე, დანარჩენი სამი თვისება(ც) თანდათანობით დაკნინდება. მით უმეტეს და „მით უარეს“, თუ ეს „წასვლა-დამცირება“ თვალსაჩინო და დემონსტრაციული იქნება მტერ-მოყვარესთვის.
ამასთან დაკავშირებით, საყურადღებო სტატიას აქვეყნებს ამერიკული The Washington Post სათაურით: „We lost the Cold War“ („ჩვენ წავაგეთ ცივი ომი“).
ავტორი, - დანა მილბანკი - წერს, რომ თავის დროზე, ამერიკამ უდიდესი ძალა და რესურსები დახარჯა, რათა საბჭოთა იმპერია დაენგრია და რუსეთი `შეეკავებინა`. „ამერიკელთა თაობებმა უდიდესი საფასური გადაიხადეს და მძიმე ჯვარი ატარეს საიგონიდან - ბერლინამდე“ - წერს მილბანკი. მაგრამ, ავტორის აზრით, დონალდ ტრამპმა გაფლანგა წინამორბედთა მიღწევები და „ბერლინის კედლის დანგრევიდან 29 წლის შემდეგ მიართვა მოსკოვს გამარჯვება ცივ ომში, რომელიც რუსეთს არასდროს მოუპოვებია“.