პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე განხილვის გადადება ჩვენგან აღიქმება, როგორც საკითხის გაჭიანურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ განათლების მინისტრი უმცირესობასთან შესახვედრად პარლამენტში დაბარებული ჰყავდა, თუმცა, ამის მაგივრად, განათლების კომიტეტმა და განათლების სამინისტრომ მათ შესთავაზა, რომ კომიტეტზე აუდიტის ანგარიშის განხილვა ყოფილიყო.
„სინამდვილეში, დღეს მთავარი პრობლემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის განხილვაა. კომიტეტზე განხილვა გადადებულია. ეს ჩვენგან, პირველ რიგში, როგორც გაჭიანურება აღიქმება. აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა და რეკომენდაცია დადო, რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, არამედ უკვე გადამდგარი უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, მინისტრმა გაგვცეს პასუხი, რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
ნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა ოთხი დღით გადაიდო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, სხდომის პარასკევს ჩატარება, ანგარიშის სრულყოფილად მომზადების მიზნით, სამინისტრომ მოითხოვა.