სამართალდამცველებმა, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს 9 მოზარდი გამოკითხეს. გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობდა.
ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მათივე განცხადებით, გამოკითხვა ეხებოდა საქმის მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც, სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების ნაწილში არსებულ მოცემულობას შეცვლის.
„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები, უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ, დანარჩენი გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. არ შემიძლია ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს. განაჩენით, რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ და მე ძალიან მომეწონა, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ“, - განაცხადა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.
16 წლის მოსწავლეები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის №51–ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპნენ. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი - გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლოს დღემდე არ დაუსახელებია დავით სარალიძის მკვლელი. სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელის დადგენასა დ დასჯას მოითხოვს. ის ფიქრობს რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. პროტესტის ფონზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. კომისიამ, ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.